საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა პროფესიული განათლების სფეროში. აღნიშნული ორგანიზაცია პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მხარდამჭერია და ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებას. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში წარმატებით განხორციელდა მრავალი ინიციატივა.

ამ ეტაპზე, წარმატებით მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები გერმანული დუალური პროფესიული განათლების მოდელის დანერგვისთვის მეღვინეობის მიმართულებით, რაც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებით, ქვეყნის ისტორიულ/ტრადიციული ტექნოლოგიების სიღრმისეული შესწავლით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ინოვაციური მიდგომების დანერგვით და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით არის შესაძლებელი.

მეღვინეობის მიმართულებით დუალური პროფესიული განათლების დანერგვის და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდასაჭერად, საქართველოს ეწვია ბავარიის სახელმწიფო კვლევის ცენტრის მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსი ჯორჯ ბათზი და 25 გერმანელი სტუდენტი. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქ-მა ქეთევან ნატრიაშვილმა გერმანელ სტუდენტებს გააცნო საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის როლი განათალებაში, მიმოიხილა პროფესიული განათლების რეფორმა და ისაუბრა საქართველოში გერმანული მოდელის – დუალური განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში გერმანელმა სტუდენტებმა დაათვალიერეს „შატო მუხრანის“ სასახლე, გაეცნენ საქართველოში მეღვინეობის უძველეს ტრადიციების, შეხვდნენ კახეთის რეგიონის მეღვინეობის პროფესიულ სტუდენტებს. გერმანელმა ექსპერტებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს გერმანული გამოცდილება მღვინეობა-მევენახეობის დუალური პროფესიული განათლებისა და შემდგომი დასაქმების საკითხების შესახებ.