საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებმა პროფესიული გადამზადების კურსები წარმატებით გაიარეს. ყოფილ მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები დღეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თამარ სამხარაძემ და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა გადასცეს. სხვადასხვა პროფესიული გადამზადების კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა 13 ბენეფიციარს. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიულ კოლეჯებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „პროფესიული გადამზადების კურსები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის. კურსები საქართველოს იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება. მისი მიზანია „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართულ ბენეფიციართა და მათი ოჯახის წევრთა პროფესიული მომზადების პროგრამის ხელმისაწვდომობა, რათა ხელი შეეწყოს მათ პროფესიულ განათლებას და შემდგომში, დასაქმებას“, განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ. პროფესიული გადამზადების კურსებისა და ზოგადად, „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თამარ სამხარაძემ. მისი თქმით, კურსები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი შეძლებს მასში ჩართვას. კომპიუტერული ქსელების სპეციალისტის კურსი გაიარა ექვსმა ბენეფიციარმა, ბუღალტერიის კურსი – სამმა, მზარეულის პროფესიული გადამზადების კურსი კი ოთხმა ბენეფიციარმა. კურსები ჩატარდა სსიპ პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. სერტიფიკატების გადაცემას ცენტრის თანამშრომლები და სოციალური მუშაკები დაესწრნენ. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს დაიწყო. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრთა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა.