მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში პროფესიული სასწავლებელის რეაბილიტაცია იწყება, რომელიც ერთადერთი პროფესიული ცენტრი იქნება რეგიონში. ამის თაობაზე  განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გააკეთა, რომელიც დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ნუგზარ ყიფიანთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წინამძღვრიანკარში ჩავიდა და ის ძველი შენობა მოინახულა, სადაც ადრე პროფესიული სასწავლებელი ფუქციონირებდა.

საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა ილია წინამძღვრიშვილმა 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით, გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა. 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 2006 წლის მონაცემებით, სასწავლებელი ორიენტირებული  იყო აგრარულ მიმართულებებზე.  2010 წელს პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაცია განხორციელდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, პროფესიული სასწავლებლის ძველ შენობას 2014-2015 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ცენტრი განაახლებს ფუნქციონირებას და კვლავ აღორძინდება ის სასოფლო-სამეურნეო მიმართულელბები, რომლებიც წლების წინ წარმატებით ფუქციონირებდა. სასწავლებელში ასევე ამოქმედდება სხვა მოთხოვნადი პროფესიები.

კერძო სექტორის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არსებობს სოფლის მეურნეობის მიმართლების სპეციალისტთა დეფიციტი. მცხეთა მთიანეთში 20-მდე კერძო კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც მჭიდროდ ითანამშრომლებენ პროფ-სასწავლებელთან, რაც სტუდენტების დასაქმებას შეუწყობს ხელს. სასწავლო დაწესებულება გათვლილი იქნება 300 სტუდენტზე.

სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ასრულებს  საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მშენებლობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვის პროექტს.