საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დებატები გაიმართა თემაზე „პროფესიული განათლება და ტრენინგები სქართველოში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

დიალოგის საგანი იყო თუ რა კეთდება საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმირებისათვის, რათა საქართველოს შრომის ბაზარზე აღმოიფხვრას უნარების აცდენის პრობლემა და შრომის მიწოდება ასახავდეს მასზე მოთხოვნას როგორც პროფესიული კვალიფიკაციის, ისე შრომის ეთიკის მხრივ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების თანხვედრისათვის მნიშვნელოვანია ანალოგიური სამუშაო შეხვედრები მთავრობის, პროფესიული განათლების კოლეჯების, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შორის.

სამუშაო შეხვედრაზე კონკრეტული რეკომენდაციები გამოითქვა პროფესიული განათლების გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით, ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია კიდევ უფრო დაიხვეწოს პროფესიული სტანდარტები და კვალიფიკაციები, რათა მომზადდეს კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც დააკმაყოფილებენ დამკვეთის მოთხოვნებს.