საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო 2014 წელს დაწყებული პროექტის „ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად“ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა.

პროექტში ჩართულ ესტონურ დაწესებულებებს  წარმოადგენენ – ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საგამოცდო და საკვალიფიკაციო ცენტრი, 8 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება (ტალინის პოლიტექნიკური სკოლა, პარნუს პროფესიული სწავლების ცენტრი, ესტონეთის საზღვაო სკოლა, იდა-ვირუს პროფესიული ტრენინგის ცენტრი, რაკვერეს ინდუსტრიული სკოლა, ოლუსტვერეს სერვისის და ეკომონიკის სკოლა, ტარტუს პროფესიული სწავლების ცენტრი, ტალინის სამშენებლო სკოლა) და მიზნობრივი დაწესებულება ფონდი „Innove“.

საქართველოს მხრიდან პროექტის მონაწილეები არიან – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული პროგრამების  განმახორციელებელი 8 სახელმწიფო დაწესებულება (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი“, ბათუმის საზღვაო აკადემია (BSMA), საზოგადოებრივი კოლეჯი,,ახალი ტალღა“, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია“, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი“, პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი“, პროფესიული კოლეჯი ,,ოპიზარი“).

ქართულ-ესტონური პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემას, დაეხმაროს საქართველოს 8 საგანმანათლებლო დაწესებულებას  პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებაში, როგორც ამას საქართველოს განათლების სისტემის მიზნები და  პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს.