ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI)“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის  სახელმძღვანელოები შეიქმნა. დღეს, პროფესიულ სასწავლებელ „მერმისში“ სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ.

სახელმძღვანელოები წარმოადგენს დამხმარე მასალას სამი სასწავლო პროგრამისათვის: საკერავი მანქანის ოპერატორი და მექანიკოსი და 100%-ანი ინსპექტირებისა და ხარისხის კონტროლის კურსები. ეს პროგრამები საქართველოს მასშტაბით 6 პროფესიულ სასწავლებელშია დანერგილი და იგი უზრუნველყოფს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც სამკერვალო სექტორში დამქირავებლების მხრიდან თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიმართ არსებობს. აღნიშნული პროფესიების სწავლება უზრუნველყოფს სამკერვალო სექტორის განვითარებას და პროფესიული სასწავლებლების  კურსდამთავრებულთა დასაქმების ზრდას.

EPI-ის ერთ-ერთი მიზანია, გააუმჯობესოს საქართველოს სამკერვალო სექტორის კონკურენტუნარიანობა. ამ თვალსაზრისით, პროექტი ქმედით ნაბიჯებს ახორციელებს:

პროექტმა  ადგილობრივი სამკერვალო სექტორის წარმომადგენლები გლობალურ ბაზრებთან დააკავშირა;

ხელი შეუწყო საქართველოს ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის შექმნასა და გაძლიერებას;

დაეხმარა ადგილობრივ მწარმოებლებს საერთაშორისო სერტიფიცირების მოპოვებაში, რაც წარმოადგენს ევროპულ ბაზარზე გასვლის მნიშვნელოვან პირობას;

ხელი შეუწყო ადგილობრივი დიზაინერებისა და დსთ-ს ბაზარზე არსებული მყიდველების ურთიერთობების გაღრმავებას.