კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ წარმატებით განაგრძობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტთა  დასაქმების პროექტს.  სწავლის დასრულებისთანავე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმდა 6 კურსდამთავრებული;  ხოლო ახლო მომავალში დასაქმდება კიდევ 7; გარდა ამისა, მაღალი რეიტინგის მქონე ყველა კურსდამთავრებული, რომელმაც გაიარა სწავლება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, “ენერგო–პრო ჯორჯიაში” ვაკანსიის გამოცხადებისთანავე  დასაქმდება შესაბამის სპეციალობაზე. აღნიშნული დასაქმების პროექტი, ხელს უწყობს ელექტროენერგეტიკული დარგის პოპულარიზაციას და კვალიფიციური ტექნიკური კადრების განვითარებას.

მიმდინარე წლის ივნისიდან, „ენერგო–პრო ჯორჯია“ იწყებს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტის მესამე ეტაპის განხორციელებას. პროექტში ჩართულია ქვეყნის მასშტაბით არსებული ტექნიკური პროფილის მქონე ყველა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. დაინტერესებულმა პირებმა უკვე გაიარეს პროფესიული ტესტირება და ჩაირიცხნენ პროფესიულ სასწავლებლებში.  პირველი ორი ეტაპის მსგავსად,  10 თვიანი სწავლების შემდეგ წარმატებული სტუდენტები,  რომლებიც დააგროვებენ მაღალ სარეიტინგო ქულას,  სტაჟირებას გაივლიან “ენერგო–პრო ჯორჯიაში” მომავალი დასაქმების პერსპექტივით.

„პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და მოტივაცია ავუმაღლოთ  საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ წინსვლას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე“ – განაცხადა “ენერგო–პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ბ-ნმა ავთო დვალიშვილმა.