შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შორის შედგა დიალოგი სოფლის მეურნეობის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურების დანერგვასა და განვითარებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გელაშვილი, UNDP-ისა და SDC-ის წარმომადგენლები, ფერმერთა ასოციაციაციების, გაერთიანებების, მწარმოებლების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა და მოიცავდა პრეზენტაციებს, სამუშაო ჯგუფების დისკუსიებს, შეთანხმებას დამატებითი აქტივობების განსახორციელებლად, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლების დანერგვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმები, მიმდინარე აქტივობები და გამოწვევები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორია და სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროექტები, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიულ სასწავლებლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს, თავისი პარტნიორების – შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.