მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც უკავშირდება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FABLAB) მოწყობას, საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შეფასება, რომლის შედეგადაც, დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები აღჭურვილი იქნება თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით და კომპიუტერულად კონტროლირებადი ინსტრუმენტებით.
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ,,ფაბლაბების“ შექმნა გაზრდის პროფესიული განათლების ხარისხს და პროფესიულ სტუდენტებს განუვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც დაეხმარება მომზადებულ კადრებს, ადგილი დაიმკვიდრონ სწრაფად და მუდმივად ცვალებად საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე.