ტესტირება 4 ნოემბერს 09:00 საათიდან დაიწყება, რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 3 ნოემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.

პრეტესტის მიზანი მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და პროცედურების გაცნობაა. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება.

დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზეა მოცემული.

ბარათზე მითითებული იქნება:

მონაწილის პირადი ინფორმაცია;
რეგისტრაციის დრო;
საგამოცდო ცენტრის მისამართი;
ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდით. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებ გვერდიდანაც: www.vet.emis.ge
უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.

საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:

სარეგისტრაციო ფურცელი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საგამოცდო ცენტრები

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის ახალი საგამოცდო მოდელი მოამზადა, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.