ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას  ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. რეგისტრაცია გაგრძელდება 20 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციაში ჩართულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 19 პროფესიული და 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც პროფესიული პროგრამები ხორციელდება. თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 2,5 წელი.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, ასევე 70 რესურსცენტრსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ 33 დაწესებულებაში. რეგისტრატორები აპლიკანტებს მიაწვდიან ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემოთავაზებული პროფესიული პროგრამების შესახებ.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროფესიული განათლების დამწყებმა აპლიკანტმა, რომელმაც სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება შეარჩია, უნდა გაიაროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული უნარების ტესტი, რომელიც ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობასა და გამჭირვალობას ემსახურება. ასევე, ტესტირების მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარები და შესაძლებლობები გამოავლინოს. შესაბამისად, ტესტირების შედეგების მიხედვით ჩარიცხვის ბარიერი არ არსებობს. სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა კი ექნებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან კონკურსის საფუძველზე და ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპტენციის ზღვარს.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებაში არსებულ კონტიგენტს, რომელთაც სურთ უკვე დაწყებული პროფესიული განათლების გაგრძელება და კონკრეტული საფეხურიდან შემდგომ საფეხურზე გადასვლა, მათ ტესტირებას უზრუნველყოფს თავად საგანმანათლებლო დაწესებულება, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

აღნიშნული ტესტირებისა და დაფინანსების სქემა ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩარიცხვა კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ხორციელდება დამოუკიდებულად, ამავე სასწავლებლების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

ტესტების ნიმუშები განთავსებულია პროფესიული განათლების ვებპორტალზე (www.vet.ge) და ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებ გვერდზე (www.naec.ge). დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას და აპლიკანტების კითხვებზე პასუხის გაცემას რეგისტრატორები უზრუნველყოფენ. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის ასევე შეუძლიათ დარეკონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220.