მიმდინარე წლის 13-14 ნოემბერს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯის “ახალი ტალღა” და შპს “კნაუფ გიფსის” ორგანიზებით აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართა სამშენებლო მიმართულებით  საერთაშორისო, სასწავლო-მეთოდური კონფერენცია.  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო შპს “კნაუფ გიფსის” რვა ქვეყნის რესურს ცენტრის წარმომადგენელმა: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი.

კონფერენციაზე კომპანიის მხრიდან მოხდა  გამოცდილების გაზიარება, განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა “კნაუფ გიფსის”  საგანმანათლებლო პროექტების განვითარება საქართველოში,  კომპანიის მიერ საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული ფედერალური პროექტები და  ამ მიმართულებით გაწეული  საქმიანობის ანგარიში.  კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილეს “კნაუფ გიფსის”  სამშენებლო მიმართულებით გამართული კონკურსები,  მათ შორის WorldSkill-ში კომპანიის ჩართულობის საკითხიც.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ საშუალება მიეღოთ ინფორმაცია დისტანციური სწავლების, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო მოდულის აგებისა და  ჩატარების თეორიის  შესახებ.  კონფერენცია სამუშაო ჯგუფის მიერ  საგანმანათლებლო მოდულის პროექტის შემუშავებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ კოლეჯს „ახალი ტალღა“ და შპს “კნაუფ გიფსს” შორის პროფესიული განათლების განვითარების კუთხით 2012 წლიდან  მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა,  რომელიც გულისხმობს სასწავლო ლიტერატურის შემუშავებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, პედაგოგებისა და სტუდენტების საწარმოო პრაქტიკის ხელშეწყობას კომპანიის სამშენებლო ობიექტებზე, სასწავლო კურსების, სემინარების, სტაჟირების ერთობლივ ორგანიზებას და სტუდენტების/პედაგოგების მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებში.