საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს. პროცესში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი პარტნიორი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. ამჯერად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ხელოსანთა და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კლაუს გროენი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმასპინძლა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში გერმანული გამოცდილების გაზიარების თაობაზე და ხელი მოეწერეს განზრახულობათა ოქმს, რომელიც ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციის ქალაქ ლაიფციგის ხელოსანთა და სავაჭრო პალატის ერთობლივ ინტერესს – გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის პროფესიული განათლების კუთხით. ზემოთხსენებული განზრახულობათა ოქმი, მოიცავს თანამშრომლობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში სწავლების დუალური ფორმის დანერგვის მხარდაჭერა, ქართველ და გერმანელ ექსპერტებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სხვ.