საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი: “საჯარო – კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში” პროექტი გააცნო. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. ღონისძიება გახსნა პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ უელტონმა. შეხვედრაზე პალატის წევრებს სიტყვით მიმართა ამერიკის საელჩოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინელმა, რომელმაც ისაუბრა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. ღონისძიებას ესწრებოდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, რომელმაც ისაუბრა ფონდის პროფესიული განათლების პროექტის მიმდინარეობისა და განხორციელების შესახებ.

თამარ სანიკიძემ, პრეზენტაციის დროს, ყურადღება გაამახვილა ბიზნესის, დამსაქმებლების მჭიდრო პარტნიორობაზე, რაც პროფესიული განათლების დუალური სწავლებაზე/მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი და განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. მინისტრმა ისაუბრა, რეფორმის განხორციელების ეტაპებზე, გამოწვევებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. სანიკიძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობასა და ხალხს საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერებასა და რეფორმებში დღემდე გაწეული დახმარებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის მნიშვნელობა, რომელიც მისი თქმით არის დროული და სრულად პასუხობს რეფორმის მიმართულებებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში.

მინისტრის პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, გაიმართა დისკუსია, რასაც პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლების ინტერესი მოყვა და დაიგეგმა ინდივიდუალური შეხვედრები კომპანიებთან, სადაც დეტალურად გაეცნობიან დაინტერესებული კომპანიები პროფესიულ განათლებაში საჯარო-კერძო პარტნიორობის შესაძლებლობებს.