მიმდინარე წლის 26-31 აგვისტოს გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება(GIZ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ მხარდაჭერით, ატარებს ტრენინგს თემაზე – პროფესიული პედაგოგიკა და დიდაქტიკა.

ტრენინგში მონაწილეობას იღებენ სამშენებლო სპეციალობების პროფესიული კოლეჯების პედაგოგები, როგორც თბილისიდან ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, სულ – 27 მონაწილე.

ტრენინგზე განიხილება შემდეგი თემები – სასწავლო სიტუაციების დიზაინი, მოზარდთა და ზრდასრულთა სწავლების პროცესის სრულყოფა, ციკლი – სწავლება მოქმედებით, KOLB ექსპერიმენტალური სწავლების სტილის სახეობები, სასწავლო მოდელების შესწავლა, სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული მაგალითების გამოყენება და მათი როლი გაკვეთილებსა და ტესტებში, სასწავლო კულტურა, კონკრეტული სამშენებლო სპეციალობების ადაპტაცია და DACUM მეთოდი, გაკვეთილის სასწავლო მიზნების გამოკვეთა, სამშენებლო პროცესის კონკრეტული მაგალითები და სწავლების დიზაინი სამშენებლო ბაზრის პირობების გათვალისწინებით.

ტრენინგებზე პედაგოგები ეცნობიან რეკომენდაციებს:

• მეთოდურად როგორ გამართონ და დაგეგმონ გაკვეთილი;

• როგორ განავითარონ და გააუმჯობესონ გაკვეთილის ხარისხი;

• როგორ წარმართონ კომუნიკაციები მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის;

• დაამყარონ უკუკავშირი პედაგოგსა და სტუდენტს შორის;

• რა და როგორ ასწავლონ დინამიური ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე და სხვ.

ტრენინგზე ყოველი პედაგოგი წარმოადგენს წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას – გაკვეთილის ჩატარების მეთოდურ გეგმას, რომელსაც გერმანელი ექსპერტი შეაფასებს და მისცემს მათ შესაბამის რეკომენდაციებს.

ტრენინგის მონაწილეებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა, მან ვრცლად ისაუბრა პროფესიული განათლების სფეროში დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რამაც მონაწილეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.