განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 24-28 მარტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწისა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით საჯარო პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯებისათვის ჩატარდა  ტრენინგები, რომლებსაც უძღვებოდნენ ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურისა და ავტორიზაციის სამმართველოს თანამშრომლები.
ტრენინგების ძირითადი თემა იყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და მისი კომპონენტები, სწავლებისა და შეფასების მეთოდები, სტუდენტთა შესაფასებლად გამოყენებელი ინსტრუმენტები, პროგრამის შეფასებისა და მისი გაუმჯობესების მნიშვნელობა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესთავაზეს განახლებული პროგრამისა და სილაბუსის სარეკომენდაციო ფორმები, რომელთა საფუძველზე მართული პრაქტიკით კოლეჯების წარმომადგენლებმა იმუშავეს და შექმნეს თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამების  ნიმუშები.
ტრენინგების ბოლო ნაწილი ავტორიზაციის პროცედურების, საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტებისა და სარეკომენდაციო მასალების განხილვას დაეთმო.