,აღმოაჩინე შენი ტალანტი,, – აღნიშნული ლოზუნგით გაიხსნა დღეს პროფესიული უნარების ევროპული კვირეული, რომელიც წელს პირველად ტარდება და ამით საქართველო, პროფესიული უნარების ევროპულ კვირეულს უერთდება. კვირეული ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც პროფესიული განათლების შესახებ სხვადასხვა ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებას და საუკეთესო პრაქტიკის ჩვენებას ისახავს მიზნად.

კვირეულის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით, ტურიზმისათვის საჭირო პროფესიული უნარებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

პროფესიული განათლების სისტემის დაახლოება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. პროფესიულ განათლებაში უნარებთან მიმართებაში უპირველესი დამკვეთი დამსაქმებელია და მათი როლიც პროფესიული განათლების სეგმენტში ყველა საფეხურზე აქტუალურია. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დამსაქმებლების ჩართულობას მოდულური პროგრამების შემუშავების პროცესი. 2016 წლის საშემოდგომო მიღებისათვის დაიწყო სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების კონცეფციის დანერგვა სისტემაში.