ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ორგანიზებით ქართველი და ესტონელი ექსპერტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა საშუალო საფეხურზე“.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა პროექტის ფარგლებში, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება უკვე მესამე წელია.

პრეზენტაციებით წარდგნენ ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები ეინარ ვარა და ნატალია მიალიცინა, რომელთაც შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ესტონური გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საშუალო საფეხურის მოწყობის ზოგადი პრინციპები, ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირება; ასევე გაიმართა დისკუსია თემებზე: საშუალო საფეხურის განვითარების ალტერნატივები საქართველოში, დივერსიფიცირებული სწავლება და სხვ.

სამუშაო შეხვედრაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა, მონაწილეობა მიიღეს როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივმა ექსპერტებმა, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა.