საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’ღვინის დღე“ გაიმართა. ღონისძიება პროფორიენტაციული ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მოსახლეობაში პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდას, პროფესიულ განათლებაში მეღვინეობის, როგორც ყველაზე ძველი დარგის პოპულარიზაციას და ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-შენარჩუნებას, კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებას  და ა.შ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კოლეჯ „აისში“ წარმოებული პროდუქციის გამოფენა და მეღვინე ფერმერების ოჯახურ მარნებში წარმოებული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებიათ კოლეჯის მეღვინის სპეციალობის სტუდენტების მიერ ევროპული და ტრადიციული წესით კოლეჯში ჩამოსხმული ღვინოები.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მიიღო. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მეღვინე ფერმერები და დამსაქმებლები.

მრავალპროფილიან სახელმწიფო კოლეჯში „აისი“ სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების,  ტრაქტორისტ-მემანქანის, სასტუმრო საქმის მწარმოებელის,  მიმღებ რეცეფციონისტის, გიდის (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორის (აგრო ტურიზმი), მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელის, დურგლის, ელექტრიკოსის, ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიებს ეუფლებიან.

14 სექტემბრამდე ზემოაღნიშნულ პროგრამებზე პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 19 სხვადასხვა სპეციალობაზე 400-მდე მსურველია დარეგისტრირებული. ყველაზე დიდი მოთხოვნა მეღვინეობის, მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელისა და დურგლის სპეციალობებზეა.