ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სასურსათო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის, მასალათამცოდნეობისა და სხვა მიმართულებებით.

ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება რამდენიმე  ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ( მეფუტკრე, საავტომობილო გზების მშენებლობა, კულინარიის ხელოვნება, ელექტროობა, ზეინკალ-სანტექნიკოსი, სარკინიგზო გადაზიდვები, ლოკომოტივის მართვა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება, შემდუღებელი) რომლებსაც პარტნიორ  დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები.
 
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.
 
ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ  გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge  ვებ გვერდის მეშვეობით.
 
შეგახსენებთ რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!
აპლიკანტები, რომლებსაც სურთ დუალური მიდგომის ფარგლებში დანერგილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, ონლაინ ვერ დარეგისტრირდებიან, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სურთ სწავლის გაგრძელება.
 
რეგისტრირებულ  აპლიკანტს, რეგისტრაციის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა  საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
 
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც  მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.
 
ისევე როგორც წინა წელს, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.
საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf