3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის დეტალებზე საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა, რომლის თქმით, პროგრამებს შორის, 50-მდე ახალი მოდულური პროგრამაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამსაქმებლების ჩართულობით შემუშავდა.

წელს პირველად, მეცხოველეობის, მეხილეობისა და მეღვინეობის მიმართულებებით, პროფესიული პროგრამების განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების ფორმით დაიწყება. დამსაქმებლები პირველად ჩაერთვებიან მომავალი სტუდენტების შერჩევისა და სწავლების პროცესში. დუალურ პროგრამებს პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად, ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯები განახორციელებენ. სტუდენტების მისაღებად წელს უკვე მზად არის ასევე სამი ახალი სასწავლებელი გუდაურში, მცხეთასა და აგარის მუნიციპალიტეტებში.

პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს მიერ ან მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში.

სახელმწიფო აგრძელებს ზრუნვას მოწყვლად ჯგუფებზეც. გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი დევნილი პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურების ფორმით. განახლებულია ტექნიკურ-მატერიალური ბაზები და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროების შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის: მათ შეუძლიათ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე გაიარონ პროფესიული ტესტირება, შემდეგ კი სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ქართულ ენას და გააგრძელონ პროფესიული განათლების მიღება ქართულ ენაზე.

მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურსცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. აპლიკანტი არჩევანს აკეთებს შეუზღუდავად, პრიორიტეტების მიხედვით;

რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველს მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირსაც, რომლისთვისაც მოქმედებს ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები. სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

შეფასების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 29 ოქტომბერს რეგისტრანტებისთვის პრე-ტესტი, ხოლო 30 ოქტომბერს ერთიანი პროფესიული ტესტირება ჩატარდება.