საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის  6 სექტემბერს  იწყებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას,  რომელიც გაგრძელდება 20 სექტემბრის ჩათვლით.

ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში,  რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკურიბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით, რაც წამყვან ორგანიზაციებში პრაქტიკული კომპონენტის ათვისების საფუძველზე ყველა მსურველს მისცემს  საშუალებას გახდეს კონკრეტული დარგის პროფესიონალი და დასაქმდეს.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საინფორმაციო ცენტრებში,  სამინისტროს  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებაში.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყისსაფეხურზე სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული პროფესიული  ტესტირება. ტესტირების მიზანია დადგინდეს სწავლის  მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები კი პროფესიულ საგნმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ გაივლიან თავად  დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას.