“საჭიროა ისეთის სკოლების დაარსება, რომელშიაც ასწავლიან ჩვენ შვილებს, როგორ და რანაირად შეიძლება მცირე შრომით დიდის ნაყოფის მიღება. ამისთანა სკოლებში ნასწავლები ისე ბარგად აღარ ეკიდებიან ოჯახს, როგორც სხვა სკოლებში სწავლადამთავრებული. მე უნივერსიტეტელი გახლავართ და ხვალ რომ სამსახურიდან გამოვიდე, მშიერი მოვკვდები, იმიტომ, რომ ჩინოვნიკობა მისწავლია და სხვა არაფერი. ჩემთვის რომ მიწის დამუშავება ესწავლებინათ, ჩინოვნიკადაც გამოვდგებოდი და უჩინოვნიკობოდაც მშიერი არ ვიქნებოდი… მე ამ აზრისა ავრ, რომ სამეურნეო სკოლას უფრო მეტის სარგებლის მოტანა შეუძლიან…”
/ილია ჭავჭვაძე, 1893/
რა არის პროფესიული განათლება?
პროფესიული განათლება არის სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში (ინჟინერია, მედიცინა, არქიტექტურა, იურისპრუდენცია და ა.შ.) დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ამზადებს.
პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიღება შესაძლებელია საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებში. იგი ამზადებს კარგად განათლებულ და მოქნილ მუშახელს, რომელსაც უფრო კარგად შეუძლია შრომითი ბაზრის არსებულ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან გამკლავება.
რას გთავაზობთ პროფესიული განათლება?
- ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებას უმოკლეს დროში (6-30 თვე);
- განათლების მიღებას ნებისმიერ ასაკში, პროფესიული ზრდის შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
- საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთანშესაბამის კვალიფიკაციას და ამით მთელი სიცოცხლის განმავლობაში შრომით კონკურენტუნარიანობას;
- თანამედროვე, ეფექტურ სასწავლო პროგრამებს, სასწავლო მასალებსა და რესურსებს, გადამზადებულ პედაგოგებს, ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლებულ ინფრასტრუქტურას და თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;
- პრაქტიკის გავლას სხვადასხვა ტიპის წამყვან ორგანიზაციებში.
- დახმარებას კარიერული დაგეგმვისას და დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს;
- 100% დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებში.
- საერთო საცხოვრებლით სარგებლობას (რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელში).
პროფესიული განათლება საქართველოში
პროფესიულ განათლებას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს. არაერთი ხელობა, რომელიც დღეს პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება, საქართველოს შორეული წარსულიდან იღებს სათავეს (მაგალითად, მევენახე-მეღვინე, მემცენარე, მელიორატორი, კალატოზი, მეფილე-მომპირკეთებელი, მებათქაშე, მღებავი, ზეინკალი, მძერწავი, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილის სპეციალისტი, თექის ხელოსანი, მემინანქრე, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, მშენებლობის მწარმოებელი, ფარმაცევტის თანაშემწე, სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი, პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმოების სპეციალისტი, ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტი და სხვა მრავალი).
ხელოსნობა საქართველოში თავდაპირველად ოჯახურ მეურნეობებში ვითარდებოდა, ხოლო ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად შეკვეთით და საფასო მოხელეობაში გადაიზარდა, საბოლოოდ კი ცალკე პროფესიებად ჩამოყალიბდა. ტრადიციულ ოსტატ-შეგირდობასთან ერთად მე-19 საუკუნეში ქართველ განმანათლებელთა მესვეურობით სხვადასხვა მიმართულების სახელობო და სამეურნეო სასწავლებლებს ჩაეყარა საფუძველი. ამ სახელობო სასწავლებლების კურსდამთავრებულობა პროფესიონალიზმის უმაღლეს დონეს ნიშნავდა. მსხვილი საწარმოების გაჩენასთან ერთად პირველი საფაბრიკო-საქარხნო სკოლები შეიქმნა, რომელთა ბაზაზე დღესაც მოქმედებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები. მე-20 საუკუნიდან სახელობო განათლების კერად პროფესიულ-ტექნიკური სკოლები მიიჩნეოდა, თუმცა, მიუხედავად შეთავაზებული პროფესიების მრავალფეროვნებისა, საბჭოთა დროში მათი პრესტიჟი დაბალი იყო.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში პროფესიული სასწავლებლებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. სხვადასხვა საერთაშორისო დონორების დახმარებით არაერთი პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დანიშნულებაც პროფესიული განათლების სექტორის რეფორმირება და განვითარება წარმოადგენს. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მრავალი ინიციატივა ხორციელდება, რომელიც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ სისტემასთან გათანაბრებას უწყობს ხელს.
პროფესიული განათლების მიზნები
საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის, შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე პროფესიული განათლების ორიენტაციის, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობისა და მობილურობის ამაღლების საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მიზანია:
- შექმნას ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცე მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
- ხელი შეუწყოს ინდივიდის პროფესიულ განვითარებას;
- მოამზადოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრები;
- ხელი შეუწყოს პირის დასაქმებას, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა თუ თვითდასაქმებას;
- პროფესიული განათლების სფეროში შექმნას სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემა, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობას.
არაფორმალურად მიღებული განათლების აღიარება
ბოლო დროის სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური ინოვაციების წყალობით პროფესიული ცოდნის მიღება შესაძლებელია არამხოლოდ ფორმალურ სასწავლო დაწესებულებებში, არამედ მუდმივად, ყოველდღიური ურთიერთობებიდან და ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიდან. საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია ამგვარი არაფორმალური საშუალებით მიღებული ცოდნის დადასტურება, ანუ ვალიდაცია. პირს სურვილის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს შესაბამის დაწესებულებას, რომელიც წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეამოწმებს პირის ცოდნას, უნარებსა თუ კომპეტენციას, ვალიდაციის შემთხვევაში კი მიანიჭებს შესაბამისი პროფესიული უნარების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ინკლუზიური განათლება
ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური განთლების პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო სისტემა სხვადასხვა ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებისა თუ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანს საშუალებას აძლევს მიიღოს პროფესიული განათლება სასურველი მიმართულებით.
ბოლო წლებში განისაზღვრა ინკლუზიური პროფესიული განათლების კონცეფცია, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე პირთა პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვის მექანიზმი, ხოლო პროფესიული განათლება 100% ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. თანდათან ინერგება შედეგზე ორიენტირებული, ინდივიდე მორგებული სასწავლო გარემო. მეტი ინფორმაციისათვის იხ. www.inclusion.ge.