მარნეულში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი აშენდა


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური მონაწილეობით, მარნეულში, თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი აშენდა. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში მხოლოდ ერთი სახელმწიფო  კოლეჯი „მოდუსი“, ქალაქ რუსთავში ფუნქციონირებდა. ამჟამად, კი მისი ფილიალის საშუალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების პროფესიული განთლების  მიღებას შეძლებს.  

„მე მარნეულში გავიზარდე, შესაბამისად, ხშირად შევსწრებივარ ფაქტს, როდესაც ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები, ფინანსების არქონის გამო სწავლას ვერ აგრძელებდნენ. ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ ქალაქში არ არსებობდა უმაღლესი სასწავლებელი ან კოლეჯი და მათთვის დამატებითი გამოწვევა იყო უცხო ქალაქში, ოჯახისგან მოშორებით წასვლა და განათლების მიღება.“ - აღნიშნავს ქეთა გურგენიძე, სტუდენტი მარნეულიდან.

პროფესიული სასწავლებლის შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. კოლეჯში მოეწყო კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი.

კოლეჯი, ადგილობრივ კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობით, ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროგრამებს შესთავაზებს სტუდენტებს. შესაბამისად, გაიზრდება რეგიონისთვის საჭირო პროფესიული კადრების რაოდენობაც.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა, ძირითადად, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას ემყარება და სოფლის მეურნეობაში  მოსახლეობის დაახლოებით 80%-ია დასაქმებული. პროფესიული პროგრამების გავლის შედეგად ჩვენი  მოქალაქეები მიიღებენ შესაბამის ცოდნას, რაც ცხადია ხელს შეუწყობს    სოფლის მეურნეობის დარგში,  შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსის განვითარებას.“ -
ზაურ ტაბატაძე, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებელში, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და ზრდასრულების დაინტერესებას, მუდმივად იზრუნონ პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზე.