პროფესიული განათლების სფეროში სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები გრძელდება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდს (IFES) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება გრძელდება. უკვე შემუშავდა სამოქალაქო განათლების ახალი მოდული, მასწავლებლის გზამკვლევი და სტუდენტის სახელმძღვანელო.

ამჯერად IFES  სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის იწყებს ტრენინგების ციკლს, რომელიც სწორედ ახლად დამტკიცებულ მოდულს ეფუძნება.

ონლაინტრენინგი, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მასწავლებელთა მიერ სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების მომზადების ხელშეწყობა წარმოადგენს, 25-26 სექტემბერს გაიმართა.

ტრენინგების პირველ ეტაპს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეუერთდა. მან პროფესიული განათლების სფეროში სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ტრენინგის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული აქტივობები გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ყველა დაწესებულების მასწავლებელს.