ბოლო წლებში, კარიერის მართვის სერვისი პროფესიულ სასწავლებლებში, მჭიდროდ დაუკავშირდება მსგავს სერვისს სკოლებში. ის, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, ხელმისაწვდომი გახდა პროფესიული განათლების დაწყებამდე, სკოლებში.  მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ცალსახად კარიერის მართვის/პროფესიული ორიენტაციის ხასიათისაა, ქვეყანაში ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის პირველ მასშტაბურ პრეცენდენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში, დაწესებულებები ერთობლივად მუშაობენ მოსწავლეებისთვის ხარისხიანი სერვისების შეთავაზებაზე. კარიერის მართვის სერვისების დანერგვისა და მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის გარდა, ინიციატივა მიზნად ისახავს, სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე პროფესიული განათლების პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებში და განათლების მიღების უწყვეტობას.

კარიერის მართვის სერვისი სკოლებში ხელმისაწვდომია მოსწავლეებისათვის მე-8 დან მე-12 კლასის ჩათვლით. მიზნობრივი პროგრამა ითვალისწინებს საორიენტაციო და სასერტიფიკატო კურსებს და მისი მთავარი ამოცანაა, სკოლაში მოწყობილ სახელოსნოში, მოსწავლემ შეძლოს  პროფესიის  მოსინჯვა პრაქტიკული მეცადინეობის გზით. სასკოლო გაკვეთილების შემდეგ, დაინტერესებული ჯგუფები, სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლების ხელმძღვანელობით,  მათთვის ადაპტირებული მოდულების მეშვეობით, ეუფლებიან სასურველი პროფესიის საბაზო ცოდნას.

თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიული სასწავლებლის მიერ უზრუნველყოფილია, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართვა სკოლაში, ასევე ადამიანური რესურსის შესაძლებლობების გაძლიერება და მიზნობრივ ჯგუფებზე მორგებული კურიკულუმის შემუშავება. კურსები დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.