პროფესიული განათლების დაფინანსება

საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.  კერძო დაწესებულებებში კი არსებობს როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ისე თვითდაფინანსებული პროგრამებიც. სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსების მიღება, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, თავშესაფრის მაძიებელს, ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს, ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიულ სტუდენტს, რომელმაც გაიარა პროფესიული ტესტირებით დადგენილი პროცედურები. კერძო დაწესებულებებში სტუდენტთა ვაუჩერული დაფინანსების გაცემა  შესაძლებელია, მხოლოდ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული დარგების შესაბამისად.

პროფესიული პროგრამის შემადგენელი მოდულების მაქსიმალური ღირებულება  დგინდება საქართველოს მთავრობის #244 დადგენილების საფუძველზე.

პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების მსმენელთა სწავლის დაფინანსებას, მიმწოდებლის  მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, შესაბამის წელს დადგენილი პრიორიტეტების შესაბამისად.

ჩარიცხვის პროცედურები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. როგორც წესი ეს მოთხოვნები უკავშირდება წინარე განათლების არსებობას, თუმცა კონკრეტული პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით შეიძლება დაწესდეს სხვა მოთხოვნებიც.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ძირითადად ხორციელდება ორი  გზით:

  • პროფესიული ტესტირება
  • აგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული  კონკურსი/შერჩევა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურების გასავლელად აუცილებელია მსურველმა/განმცხადებელმა  გაიაროს რეგისტრაცია შესაბამის ვებგვერდზე www.vet.emis.ge. რეგისტრაციის გავლა,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, მსურველს შეუძლია ონლაინ, დამოუკიდებლად  ან სასწავლებელში ვიზიტისას, ადმინისტრაციის დახმარებით. 

დამატებითი ინსტრუქციები ჩარიცხვის პროცედურებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია თანდართულ გზამკვლევში

 

პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვისთვის წინაპირობები განისაზღვრება კონკრეტული პროგრამით.  რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით www.vet.emis.ge . იურიდიული პირი, რომელსაც აქვს მოპოვებული უფლება, განახორციელოს პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამა, რეგისტრაციას აცხადებს მის მიერ განსაზღვრულ პერიოდში, ღია ან დახურული წესით. განმცხადებელთა/მსურველთა შერჩევა ხორციელდება, პროვაიდერის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოში სახელმწიფო ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების  (სსსმ) აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში და მათ სოციალიზაციას. ამ მიზნით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობაში სსსმ პირებისთვის გათვალისწინებულია მისაღები ადგილების განსაზღვრული რაოდენობა და მათთვის მოქმედებს ჩარიცხვის ალტერნატიული მიდგომა, რაც გულისხმობს პროფესიის მოსინჯვას.