პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლები

საქართველოში პროფესიული განათლების მიწოდების უფლება აქვს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს: კოლეჯებს, უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, დაწესებულება ვალდებულია, გაიაროს ავტორიზაცია, რაც ხარისხის უზრუნველყოფის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს. ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 6 წლით.​

გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში, 3 წლის ვადით, აქვთ არასაგანმანათლებლო იურიდიულ პირებს: კერძო კომპანიებს, ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვ.  აღნიშნულ პროგრამებს, საკვალიფიკაციო პროგრამებისგან განსხვავებით, ახასიათებს მეტი მოქნილობა, ნაკლები ხანგრძლივობა, ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც კონკრეტული დამსაქმებლისათვის არის საჭირო.   ამასთან, პრიორიტეტულ სექტორებში მსმენელთა სწავლების ხარჯების დასაფინანსებლად, სურვილის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია სახელმწიფო დაფინანსებაც. სწორედ აღნიშნული მექანიზმი, წარმოადგენს დამსაქმებლისთვის  საჯარო-კერძო პარტნიორობის ერთ-ერთ მიმზიდველ ფორმას, რითიც /ბიზნესი ერთვება სასურველი კადრების მომზადების პროცესში.

​პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა მუდმივად იზრდება და მისი მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული და ძირითადად, პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია, დასაქმდეს ან/და  სწავლა განაგრძოს განათლების შემდგომ საფეხურზე. პროგრამების ხანგრძლივობა განსხვავებულია - ერთი წლიდან სამ წლამდე. გარდა ტრადიციული ფორმისა, მისი განხორციელება შესაძლებელია რეალურ ან იმიტირებულ სამუშაო გარემოში - საწარმოში/ორგანიზაციაში, სადაც უზრუნველყოფილია უნარების პრაქტიკული განვითარება. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი, საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან ერთად, ინაწილებს გარკვეულ პასუხისმგებლობებს და მონაწილეობს  სტუდენტთა შერჩევის, სწავლების ხარისხისა და შეფასების კომპონენტებში. სტუდენტი სწავლის პარალელურად, დასაქმებულია ორგანიზაციაში და ცალკეულ შემთხვევებში იღებს  ანაზღაურებასაც, სტიპენდიის სახით.